საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა მაღალი გამავლობის ახალი მანქანები – ექვსი სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა.

ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.

ახალი ავტომობილების ნაწილი გადაეცემა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, ერთი მანქანა – აჭარაში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და ერთიც -სვანეთში, მესტიის განყოფილებას.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა სამაშველო ტექნიკა ქართულ მხარეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადასცა.

ავტომანქანების გადაცემის ცერემონია სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით სუხიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კვინტინ დოლს უმასპინძლა. დავით სუხიშვილმა მაიორ დოლს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განვითარების მიმართულებით.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.