საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სამმართველოს ახალი ტექნიკა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსგან (DTRA) გადაეცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამი ერთეული, მაღალი გამავლობის ავტომობილი და სპეციალური მისაბმელი, შესაბამისი აღჭურვილობის განსათავსებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ დანაყოფს გადაეცა, საიდანაც ერთი დასავლეთ საქართველოში, ფოთში შექმნილ სპეცდანაყოფში გაიგზავნება.

ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში აშშ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი, აშშ თავდაცვის ატაშე სტეფან ბიგლი და DTRA პროექტის ხელმძღვანელი ლერონ ბეიბი დაესწრნენ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე ასევე გაიმართა ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების საჩვენებელი სწავლება, სადაც ქართულმა დანაყოფმა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.