საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროგრამა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის ფარგლებში სამაგიდო-სამეთაურო სწავლება ჩაატარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროგრამა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის ფარგლებში სამაგიდო-სამეთაურო სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის (PPRD) ფარგლებში გამართულ ორდღიან სამაგიდო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სწავლება თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლაში გაიმართა და მასში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩართული სხვადასხვა უწყებები – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ა.შ.

სამაგიდო-სამეთაურო ვარჯიში ტყის ხანძრების თემაზე წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, წარიმართა და მისი მიზანი იყო ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინაცია და კომუნიკაცია. სცენარის მთავარი კომპონენტები ეხებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემის ფუნქციონირებას, რეაგირების გეგმას და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურებს.

სწავლების დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი მოახდენს არსებული სისტემის ძლიერი მხარეებისა და გამოწვევების დეტალურ ანალიზს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური PPRD-ის პროგრამის ბენეფიციარია უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა (მოხალისეთა სისტემა), რეგიონალური თანამშრომლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემა და რისკის შეფასება/მართვა.

PPRD East 3-ის პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2024 წლამდე გაგრძელდება.