საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად თემურ მღებრიშვილის კანდიდატურა განიხილება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად თემურ მღებრიშვილის კანდიდატურა განიხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ მღებრიშვილის კანდიდატურა განიხილება.

პირველ არხთან საუბარში თემურ მღებრიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ, ცოტა მოგვიანებით. თუკი რაიმე სიახლე იქნება, ალბათ გაიგებთ და ამის შემდეგ შემეძლება რაღაცის თქმა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2014 წელს ეკავა, მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი გიორგი მღებრიშვილმა დატოვა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი ასრულებს.

ამასთან, 2019 წლის იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი იცვლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახით ყალიბდება, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.