საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მინდვრის და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება.

„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.