საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი ძლიერი შტორმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ შევიდნენ ზღვაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ოთხბალიანი შტორმი ფიქსირდება და მოსალოდნელია შტორმის კიდევ უფრო გაძლიერება.

„კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები. ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.