საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ბაზრობაზე ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ბაზრობაზე ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტისა და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.