საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მდინარე ფარავნის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მდინარე ფარავნის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს

ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები.

„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ უწყებაში.