საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მესტიაში მთის ჩამოშლის შედეგად დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მესტიაში მთის ჩამოშლის შედეგად დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ​მთის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ჩამოშლილმა მთის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია. ვითარების შესაფასებლად ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

„პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შსს-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება.

ვითარება ექვემდებარება კონტროლს, არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.