საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მეხანძრე-მაშველები კახეთში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მეხანძრე-მაშველები კახეთში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

უწყების ცნობით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა გადანაწილებულია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება. ოპერატიული დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები პირდაპირი კომუნიკაციის გზით სხვადასხვა სოფელში ეკონტაქტებოდნენ და საჭიროებდნენ მაშველთა დახმარებას.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრე ქუჯაიძე და მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევს. დატბორილ ტერიტორიებზე უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების, ვითარების განმუხტვისა და მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ დროისთვის რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს შექმნილი ვითარების უწყვეტი მონიტორინგი”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.