საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გომის მთაზე სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გომის მთაზე სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება

მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

„სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.