საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შვიდ მედიკოსს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შვიდ მედიკოსს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი შვიდი საეჭვო შემთხვევიდან, კოვიდინფექცია ლაბორატორიულად არც ერთს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.

„ჯამში, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.