საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრი ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების შესახებ გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უარყოფს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრი ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების შესახებ გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უარყოფს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 ოთხი დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია.

„შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ.

მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინაბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა. კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა,ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად, კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა.

ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძო კატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა. ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.