საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

კერძოდ, როგორც „გირჩის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარია: მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაზე, ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნისა და მძღოლის გვერდით ჯდომის აკრძალვაზე, ასევე – ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე.

„გირჩი“ ამ შეზღუდვების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში 13 აპრილს გეგმავს.

პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსის მიუხედავად, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. ჯგერენაიას აზრით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგალითად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცელია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან? საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3 -7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს“, – ამბობს ჯგერენაია.

მისივე თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხის შემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად. იურისტის განცხადებით, საღამოს გადაადგილების ვირუსის გავრცელებასთან კავშირიც არ არსებობს.

„საგანგებო მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ სრულად გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უგულებელყოს ადამიანების კონსტიტუციით დაცული უფლებები.
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უნდა იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება. ასევე, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და აღწევდეს დასახულ მიზანს.

თუ შემზღუდავი წესების ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ის არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – აცხადებს ჯგერენაია.

დატოვე კომენტარი