საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს
საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობას სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ახორციელებს.

ონლაინ კონფერენციების, კონსულტაციებისა და შეხვედრების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში საკომიტეტო სხდომები პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ეკონომიკური ბლოკი, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი ეკონომიკური პაკეტისა და ეკონომიკური გეგმების მომზადებაში.

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში და ქვეყნის მთავრობასთან ერთად, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს არსებულ გამოწვევებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არსებული გამოწვევების სამართლებრივ გადაჭრაზე მუშაობს. „თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ინტენსიურად მუშაობენ რეგიონებში მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, დაიწყო კონკრეტული ეკონომიკური ზიანის შესწავლა, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას საარჩევნო მიმართულებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკვე ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება არა ერთი დისტანციური სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ძალებთან საარჩევნო კანონმდებლობის განსახილველად“ , – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.