საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

14:41, 16.08.2025

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ  პოლიტიკას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი