საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა ექვსი პირი, რომელთაგან სამი დაკავებულია
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა ექვსი პირი, რომელთაგან სამი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგან სამი დაკავებულია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ არსებული კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე, გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებით, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან, 58 მოქალაქის მიერ უკანონოდ მიღებულ იქნა კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონნახევარ ლარს აღემატება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე, მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“, – აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.