საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში,  ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა  გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.