საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს, სადაც  სხვისი სასაქონლო ნიშნით დიდი ოდენობით საქონლის წარმოება ხდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოეწყო საწარმოები, სადაც სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების – „ABC“, „პერსილი“, „არიელი“, „კალგონი“, „ფეირი“, „ფენა“, „გუტა“, „დომესტოსი“ – უკანონო დამზადება.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით.