საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.