საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“.
ბრალდებულები, საბაჟო წესების დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება „ოქტან+“-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათივე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.