საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდა საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.