საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე რვა კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის შემოტანის წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.
ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.