საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელია დაკავებული.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დატოვე კომენტარი