საგამოძიებო სამსახურმა ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავალის/მოგების მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების – სათამაშო ბორბლის (ე.წ. “რულეტკა“), ტოტალიზატორის და ბინგოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.
აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.