საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი აპირებდა სატენდერო წინადადების წარდგენისას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

დატოვე კომენტარი