საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

„ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად. ამავდროულად დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ ახდენდა მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას.

დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.