საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივს შეხვდა
საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივთან, კელ მანსფილდთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგა სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სტუმარს გააცნო საგამოძიებო სამსახურის მანდატი.

მიხეილ მაღლაკელიძემ, ყურადღება გაამახვილა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. თავის მხრივ, ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივმა, კელ მანსფილდმა, ისაუბრა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის მასშტაბებზე, დაყადაღებული აქტივების მართვის, კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემების გამოვლენასა და გამოძიებაში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ პროფესიული თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს და შეთანხმდნენ საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაო ფორმატში კომუნიკაციის გაგრძელებაზე“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.