საგამოძიებო სამსახური სედანის ტიპის, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
საგამოძიებო სამსახური სედანის ტიპის, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავტოპარკის განახლებას გეგმავს. ამის მიზეზად კი, უწყება სამსახურის ბალანსზე რიცხული, ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილი 40 მსუბუქი ავტომობილისთვის საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადის ფაქტობრივად ამოწურვას ასახელებს.

როგორც სამსახურში განმარტავენ, ავტომობილები ისეთ ტექნიკურ მდგომარეობაშია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. 2018 წლის 1 ივლისიდან კი, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება.

„შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი საგამოძიებო სამსახურისთვის მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვის თაობაზე“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახური ძველ ავტომობილებს, რეალიზების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცემს.