საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბ​ადაგონის“ საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს
საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბ​ადაგონის“ საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბ​ადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები კომპანიაში ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს „ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშუალოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.