საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ 
საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა ორი საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მესამე სექტორი შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა მიიწვიეს.

შეხვედრაზე დეპუტატებმა მათ იმ დასკვნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საუბარი შეეხო დასკვნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, სკოლის უსაფრთხოებას.

„ჩვენ მოვიწვიეთ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი. ჩავაბარეთ მათ ანაგრიში საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ. მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომში როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ამას გავითვალისწინებთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მესამე სექტორის წევრებმა განმარტეს, რომ დეპუტატებმა დასკვნის პროექტზე მათი შეხედულებები და მოსაზრებებიც მოისმინეს.

„უმრავლესობის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოიპატიჟეს იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ცნობილ საქმეზე დაიწერა. გარკვეულ საკითხებზე ჩვენი მოსაზრება მოისმინეს. ვიტყოდი, რომ ყველაფერზე იყო საუბარი, შეეხნენ ორივე დასკვნას. ჩვენ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ სკოლის საფრთხეების კომპონენტზეც. კარგია, რომ პრაქტიკულად ორივე მხარე თანხმდება, სკოლის უსაფრთხოება არის წამყვანი პრობლემა”, – განაცხადა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წევრმა ანა აბაშიძემ.