უკრაინაში 2014 წელს ჩამოგდებული ავიალაინერის საქმეზე, საგამოძიებო ჯგუფმა ოთხი ეჭვმიტანილი გამოავლინა
უკრაინაში 2014 წელს ჩამოგდებული ავიალაინერის საქმეზე, საგამოძიებო ჯგუფმა ოთხი ეჭვმიტანილი გამოავლინა

აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს ჩამოგდებულ მალაიზიური ავიალაინერის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო დამოუკიდებელმა ჯგუფმა ოთხი ეჭვმიტანილი გამოავლინა. ეჭვმიტანილებს შორის სამი მათგანი რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი და ლეონიდ ხარჩენკო ის პირები არიან, ვისაც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სარაკეტო სისტემა „ბუკის“ შეტანაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აღნიშნული პირები აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. იგორ გირკინი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერია და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა. სერგეი დუბინსკი რუსეთის დაზვერვის სამმართველოს წევრი იყო და ოკუპირებულ დონეცკში, დაზვერვის უწყებას განაგებდა. ოლეგ პულატოვი კი, მისი მოადგილე იყო. უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს, სამხედრო კარიერა არ გააჩნია. კონფლიქტის მიმდინარეობისას ის საველე მეთაური იყო.

საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ეს პირები ბუკის სისტემიდან ჭურვის გაშვებაზე უშუალოდ პასუხისმგებლები არ არიან და ეს შემდგომი გამოძიებით უნდა დადგინდეს. ოთხი ეჭვმიტანილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაიწყება. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლო რუსეთის ხელისუფლებას სამ ეჭვმიტანილის დაკითხვის თხოვნით მიმართავს, ანალოგიური მოთხოვნა გაეგზავნება უკრაინის ხელისუფლებასაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირების ექსტრადირების მოთხოვნა არ გაიცემა, ვინაიდან რუსეთიც და უკრაინაც, მისი მოქალაქეების ექსტრადირებას კრძალავს.

ნიდერლანდებიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეში გადაფრენის დროს „ბუკის“ ტიპის სარაკეტო სისტემიდან ნასროლი ჭურვით ჩამოაგდეს. ინციდენტს ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ემსხვერპლა.