საგამოცდო ცენტრი რაჭაშიც გაიხსნება
საგამოცდო ცენტრი რაჭაშიც გაიხსნება

2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად რაჭაში მცხოვრებ გამოსაცდელებს სხვა რეგიონში წასვლა აღარ მოუწევთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება.

ბოლო რამდენიმე წელია, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს და, ტრადიციულად, წელსაც გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საგამოცდო ქალაქების ჩამონათვალისა და ასევე გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ელექტრონულ ცნობარში შეეძლებათ.

„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ უკვე გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.