საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ფორუმი მიმდინარეობს
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო „ბილტმორში“ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის აკადემიური ცენტრი ყოველწლიურად ატარებს.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა დამატებითი ღირებულების გადასახადი [დღგ] და მასთან დაკავშირებული ცვლილებებია.

ფორუმზე დაგეგმილია მსჯელობა, როგორც დღგ-ს შესახებ საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ასევე კანონპროექტის ახალ ვერსიაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ფორუმზე საუბარი შეეხება საგადასახადო კოდექსში შესულ იმ ცვლილებებსაც, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში. გარდა ამისა კონფერენციაზე შეჯამებული სახით წარმოდგენილი იქნება 2019 წელს კოდექსში შესული ცვლილებები.

ფორუმს უძღვებიან აუდიტორული კომპანია TP Solution-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გელა ბარშოვი და შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის მთავარი ოფიცერი და ტრენერი საგადასახადო საკითხებში თეა გორგოძე.

ფორუმს ესწრებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ტრენინგ-კონფერენცია „ევროპის აკადემიური ცენტრისა“ და „მილენიუმ აუდიტ კონსალტინგის“ თანაპარტნიორობით იმართება.

„ევროპული ცენტრი საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეებზე კონფერენციას ყოველწლიურად მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებებია, ვინაიდან ამ მოსალოდნელმა ცვლილებებმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი და კითხვები გამოიწვია. ასევე, დღევანდელ ფორუმზე სპიკერები შეაჯამებენ 2019 წელს კოდექსში შესულ ცვილებებს და ისაუბრებენ 2020 წელს ასამოქმედებელ ცვლილებებზე. ვფიქრობთ, ფორუმის მონაწილეები ამომწურავად მიიღებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას. ევროპული ცენტრი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საზოგადოებას მომავალშიც შესთავაზებს,“ – აღნიშნავენ ევროპის აკადემიურ ცენტრში.

დატოვე კომენტარი