საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა დემონსტრაციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს
პარიზში ყვითელჟილეტიანთა დემონსტრაციაზე პოლიციამ 37 ადამიანი დააკავა. შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთელ ქვეყანაში დაკავებულია აქციების 100-ზე მეტი მონაწილე.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებულ მე-20 დემონსტრაციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 700-მდე ადამიანი მონაწილეობდა, აქედან ოთხი ათასი მანიფესტანტი პარიზის ქუჩებში გავიდა.
საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე მარსელში, კანში, ნიცაში, სტრასბურგსა და სხვა ქალაქებში.
ყვითელჟილეტიანთა მოძრაობა საფრანგეთში ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს 2018 წლის ნოემბრიდან მართავს. დემონსტრანტები თავდაპირველად საწვავის მაღალ ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციები პოლიტიკური ელიტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მოძრაობაში გადაიზარდა.