საფრანგეთში სკოლების მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გრძელდება

16:27, 02.10.2026

საფრანგეთში სკოლების მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის განათლების სამინისტროს განცხადებით, დღის დასაწყისიდან 564 სკოლაში „გაფიცვის ან სხვა სახის შეფერხების გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია“. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრის განცხადებით, საფრანგეთის 3 700 საშუალო სკოლიდან თითქმის 400 დაიხურა, ბევრი სკოლა კი გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებას გეგმავს.

საფრანგეთის ქალაქებსა და დასახლებებში საპროტესტო აქციების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეფერხებულია. მედია აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეების დიდი ნაწილი მშვიდობიანად აქციებს მართავს. თუმცა, პირველ ოქტომბერს რამდენიმე დემონსტრაცია ძალადობრივ ინციდენტებში გადაიზარდა, რის გამოც მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებთან კრიზისული შეხვედრა გამართა.

მოსწავლეები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის ჭურვების ხშირი გამოყენების შედეგად ადამიანები დაშავდნენ.

„ფრანს 24“-ის ცნობით, დაახლოებით 170 მოსწავლე დაშავდა. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებში „აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა“ მონაწილეობს.

„დარწმუნებულებიც კი არ ვართ, რომ ისინი საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან“, – განუცხადა მან France RTL-ის რადიოს.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრის განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან „ასზე მეტ სკოლას სერიოზული ზიანი მიადგა“. მისი თქმით, 65 სკოლის თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის 40 სკოლის დირექტორი. საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 1 949 ადამიანი. დაშავდა 305 პოლიციელი.

მედიის ცნობით, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

მსგავსი