საფრანგეთში საშობაოდ ღამის კლუბები დაიხურება და სოციალური დისტანციის წესები გამკაცრდება
საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, შობის წინ ღამის კლუბები დაიხურება და სოციალური დისტანციის წესები გამკაცრდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ლოკდაუნის ან კომენდანტის საათის გამოცხადების საჭიროება არ დგას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პრემიერის თქმით, ამჟამად ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღაა, თუმცა 52 მილიონი ადამიანი ვაქცინირებულია და არსებული მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გასული ტალღების დროს. შესაბამისად, შობის წინ მკაცრი ზომების მიღების საჭიროება არ არის.
საფრანგეთში პარასკევიდან ღამის კლუბები ოთხი კვირით დაიხურება. მთავრობა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებაყოფლობით შეზღუდონ კერძო და პროფესიული შეკრებები, ასევე გაამკაცრონ პირბადის ტარების წესების დაცვა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთება და სოციალური დისტანციის წესების უფრო მკაცრად დაცვა საფრანგეთს მისცემს შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს ლოკდაუნის დაწესება.
„ჩვენ გვსურს, რომ პანდემიის ეს ტალღა გავიაროთ საფრანგეთის მთელი მოსახლეობისათვის ახალი შეზღუდვების დაწესების გარეშე, განურჩევლად იმისა, ვაქცინირებულები არიან ისინი, თუ არა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
15 დეკემბრიდან საფრანგეთში შესაძლებელი იქნება, ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კორონავირუსზე აცრა, რომლებსაც ჭარბწონიანობა ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. საფრანგეთში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ექვსი მილიონი ბავშვია, მათგან 350 000-ს ჭარბწონიანობა ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საფრანგეთში გამოვლენილია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 25 შემთხვევა, საიდანაც 21 სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან იმპორტირებულია.