საფრანგეთში საქართველოს საელჩო – ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა

18:15, 17.05.2022

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ეხმიანება პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ“ მხატვრად.

„გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“.

საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს.

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი