საფრანგეთში საქართველოს ელჩად თეა კატუკია დაინიშნა
საფრანგეთში საქართველოს ელჩად თეა კატუკია დაინიშნა

საფრანგეთში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია დაინიშნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი იყო, 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას „Green Innovation“ და „Blue Innovation“.

ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წლების პერიოდს, როდესაც ის იყო გენერალური მდივანი მედია ჯგუფის „Areion Group“, რომელიც ჟურნალ „დიპლომატიასთან“ ერთად გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო ანალიტიკურ გამოცემებს DSI, CARTO, MOYEN-ORIENT და სხვა.

2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2004-2011 წლებში იგი დაასახელეს საფრანგეთის პანევროპული კავშირის გენერალურ დელეგატად და ახორციელებდა სტრატეგიისა და განვითარების დაგეგმარებას ევროპარლამენტის საპარლამენტო პანევროპულ სამუშაო ჯგუფთან და საერთაშორისო პანევროპულ კავშირთან, აგრეთვე კოორდინირებას უწევდა დიდი საერთაშორისო ევროპული კონფერენციების ორგანიზებას.

2001-2002 წლებში თეა კატუკია იკავებდა ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიის ხელმძღვანელის პოზიციას და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს. 2000-2001 წლებში მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები“ (Sources d’Europe) და საქმიანობდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

2001 წელს წარჩინებით დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, შემდგომ მან მუშაობა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტის ევროპული საჯარო სამართლის სადოქტორო ნაშრომზე ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკაზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიული საქმიანობა დაიწყო ევროპულ საკითხებში სპეციალიზებულ მთავარ ფრანგულ კვლევით ცენტრებში.

1996 წლიდან დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში, მანამდე კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში.