საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ქვეყნის მასშტაბით 141 სკოლა კვლავ დახურულია [ვიდეო]

14:13, 09.10.2026

საფრანგეთში აქციებისა და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირების გამო 141 საშუალო სკოლა კვლავ დახურულია.

აქციების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია პარიზის ცენტრში, ასასის უნივერსიტეტში, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული სასწავლებელია. ამასთან, ბლოკირების გამო შეფერხდა საინჟინრო სასწავლებლის, Mines Paris-ის მუშაობაც. კამპუსის ბლოკირების გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა პარიზში მდებარე ერთ-ერთმა კერძო კათოლიკურმა უნივერსიტეტმაც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლების 96%-ზე მეტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ვითარების განმუხტვისა და სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საფრანგეთის განათლების მინისტრმა დამატებით 3 000 შემცვლელი მასწავლებლის მობილიზების პირობა დადო. ედუარ ჟეფრეს განცხადებით, მასწავლებლები სკოლებში უახლოეს საათებში უნდა გადანაწილდნენ.

საფრანგეთში 8 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია პარიზში, ბასტილიის მოედანზე გაიმართა, სადაც ათასობით აქტივისტი შეიკრიბა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 24 500 პარიზში შეიკრიბა. მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მსგავსი