საფრანგეთში მცხოვრებმა ქურთებმა თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გააპროტესტეს
საფრანგეთში მცხოვრებმა ქურთებმა თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გააპროტესტეს

საფრანგეთში მცხოვრებმა ქურთებმა პარიზში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გააპროტესტეს. დემონსტრაციაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მომიტინგეებმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა ასევე დასავლური ქვეყნები არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკეს.

ანალოგიური საპროტესტო აქცია სტრასბურგშიც გაიმართა.
სირიელი ქურთების წარმომადგენელთა მონაცემებით, თურქეთის მიერ აფრინის რეგიონში ოპერაციის დაწყების დღიდან სამხედრო მოქმედებებს 150 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოპერაციის მიზანს ქვეყნის მოსაზღვრე ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდა წარმოადგენს.