საფრანგეთში დაგეგმილი აქციების წინ, ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სამართალდამცველებს მხარდაჭერა გამოუცხადა – „დემონსტრაცია კონსტიტუციური უფლებაა, რომელსაც თან უნდა ახლდეს პატივისცემა“
საფრანგეთში 17 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იგეგმება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აქციებამდე მოქალაქეებს სიმშვიდისა და პატივისცემისკენ მოუწოდა.
„მე, ცხადია, მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს და ეს არის სიმშვიდისკენ მოწოდება. ეს ჩვენი დემოკრატიის თავისებურებაა. ყოველთვის ვიყავი ყურადღებიანი ამ საკითხის მიმართ. არსებობს კონსტიტუციური უფლება, მოაწყო დემონსტრაცია და გამოხატო აზრი. ის სრულად არის დაცული“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ამ უფლებას თან უნდა ახლდეს პატივისცემა.
„ეს პასუხისმგებლობა არის პატივისცემა და მსვლელობების ორგანიზება ისე, როგორც ამას დიდი პოლიტიკური პარტიები ან პროფკავშირები ახერხებენ. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ისინი ორგანიზებული არ არის და იქ არიან ელემენტები, რომლებიც მხოლოდ არეულობას ქმნიან“, – განმარტა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამართალდამცაველებსაც, რომლებიც, მისი თქმით, რთულ მომენტებს გადიან და უკიდურეს ძალადობას აწყდებიან.
„არავინ მიდის პოლიციაში ან ჟანდარმერიაში იმისთვის, რომ ისეთი თავდასხმები განიცადოს, როგორიც, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ განიცადეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ძალადობით მოქმედებენ“, – განაცხადა ემანეულ მაკრონმა.