საფრანგეთში დაამტკიცეს კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომლითაც მსხვილი ონლაინსავაჭრო პლატფორმები, მათ შორის Shein-ი და Temu, შეიზღუდება

12:36, 30.06.2026

საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც მსხვილ ონლაინსავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის Shein-სა და Temu-ს, ზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კანონპროექტი პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებს შორის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დებატებისა და განხილვების შემდეგ მიიღეს.

„როიტერის“ ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში კანონმდებლები ცდილობდნენ, ტექსტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. კანონპროექტის თანახმად, „ულტრასწრაფი მოდის“ (ultra-fast-fashion) სექტორში მომუშავე კომპანიებს წელს, სავარაუდოდ, 0.25-დან 6 ევრომდე გადასახადი დაეკისრებათ თითოეულ ნივთზე, ხოლო 2030 წლისთვის თანხა 10 ევრომდე გაიზრდება. კანონპროექტი ასევე კრძალავს „ულტრასწრაფი მოდის“ სექტორში მომუშავე კომპანიების რეკლამირებას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ინფლუენსერების მიერ.

„დღეს სასწორზე მხოლოდ ტანსაცმელი კი არა, ის სოციალური მოდელია, რომლის დაცვაც გვსურს. ამ კანონპროექტით მიზანში ამოღებული ინდუსტრია ჩვენს ბაზრებს ერთჯერადი მოდით ავსებს, ტანსაცმლით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიყენებთ და შემდეგ ვყრით“, – განაცხადა საფრანგეთის მცირე ბიზნესის მინისტრმა, სერჟ პაპენმა.

კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმოწერაა საჭირო.

მსგავსი