საფრანგეთში ცნობილი დამნაშავე ციხიდან ვერტმფრენის საშუალებით გაიქცა
საფრანგეთში ცნობილი დამნაშავე ციხიდან ვერტმფრენის საშუალებით გაიქცა

საფრანგეთში ცნობილი დამნაშავე ციხიდან ვერტმფრენის საშუალებით გაიქცა. ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, რეციდივისტმა და ქურდმა, რედუან ფაიდმა სენას დეპარტამენტში არსებული საპყრობილიდან გაქცევა წინასწარ დაგეგმა. ყურადღების გადატანის მანევრად დამნაშავემ თანამზრახველები გამოიყენა.

Reuters-ის ცნობით, ციხიდან გაქცევამდე შენობის მთავარ შესასვლელთან სამი შეიარაღებული პირი მივიდა და რედუან ფაიდთან შეხვედრა მოითხოვა. სწორედ ამ დროს ციხის ეზოში ვერტმფრენი დაეშვა. თანამზრახველებმა ფაიდი პაემნების ოთახიდან წაიყვანეს.

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, გაქცევის პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ამიტომ დაცვამ შესაბამისი რეაგირება ვერ მოასწრო.

მოგვიანებით პოლიციამ ვერტმფრენი მეზობელ, გონესის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა. პილოტი კი ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს.

ამჟამად სამართალდამცველები რედუან ფაიდს და მის თანამზრახველებს ეძებენ.

რედუან ფაიდი 25 წლიან სასჯელს ქურდობის გამო იხდიდა, რა დროსაც ქალი პოლიციელი დაიღუპა. ეს დამნაშავის უკვე მეორე გაქცევაა. 2013 წელს ის ციხეში მიყვანიდან რამდენიმე ათეულ წუთში გაიქცა. მაშინ მძევლად ბოროტმოქმედმა დაცვის წევრი აიყვანა და მას ფარად იყენებდა.

საერთო ჯამში, ფაიდს ციხეში 10 წელი აქვს გატარებული, თუმცა 2009 წელს მან პირობით ვადამდე გათავისუფლება მოახერხა და საკუთარ ცხოვრებაზე წიგნიც დაწერა. მორიგ დაპატიმრებამდე ფაიდი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებს. საფრანგეთში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავეა. საკუთარ თავს და მის კრიმინალურ ცხოვრებას ხშირად ადარებს ჰოლივუდური ფილმის „ნაიარევი სახის“ მთავარ პერსონაჟს.