საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა
საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში 400 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა და 23 სკოლის ბლოკირება მოახდინა. მარსელში, პარიზში, ნანტსა და ლიონში აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების დროს ლიონში ორი ადამიანი დაშავდა, კერძოდ, ჟურნალისტი და პოლიციელი.
ამასთან, ორმოცდაათამდე აქტივისტი ეკონომიკის სამინისტროს შენობაში შეიჭრა და რამდენიმე წუთში უკან გამოვიდა.
მანამდე მარსელში შეკრებილმა დემონსტრანტებმა იმ ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს, რომელსაც ისრაელის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტებმა ქარხანას გენოციდური უწოდეს და მისი დახურვა მოითხოვეს. შენიღბული დემონსტრანტები შენიშნეს ქალაქის რკინიგზის სადგურთან.
დემონსტრაციებს უერთდებიან გაფიცული ადამიანებიც, მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. დაგეგმილი გაფიცვების გამო საფრანგეთში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა.
ამასთან, შეფერხებულია ქვეყნის მასშტაბით მაგისტრალებზე მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტრო და აფთიაქი.
ცნობისთვის, საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დემონსტრაციაა დაგეგმილი. აქციებზე 900 000-მდე ადამიანს ელოდებიან.