საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებს 110 ათასამდე სკოლის მოსწავლე და სტუდენტი შეუერთდა.

მარსელში, პარიზში, ნანტსა და ლიონში აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებების შედეგად გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი პოლიციელი.

როგორც მედია წერს, პარიზში გამართულ აქციაზე 300 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის ქუჩებს 6 200-მდე პოლიციის ოფიცერი იცავს.

მანამდე მარსელში შეკრებილმა დემონსტრანტებმა იმ ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს, რომელსაც ისრაელის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტებმა ქარხანას გენოციდური უწოდეს და მისი დახურვა მოითხოვეს. შენიღბული დემონსტრანტები შენიშნეს ქალაქის რკინიგზის სადგურთან.

დემონსტრაციებს უერთდებიან გაფიცული ადამიანებიც, მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. დაგეგმილი გაფიცვების გამო საფრანგეთში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია მაგისტრალებზე მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტრო და აფთიაქები.