საფრანგეთში ბადრაგის სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
საფრანგეთში ბადრაგის სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

საფრანგეთის ციხეებში ბადრაგის სამსახურის თანამშრომლების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. თანამშრომლებმა ამის მიზეზად, პატიმრების მხრიდან გახშირებული თავდასხმები დაასახელეს. პროფკავშირების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა პროფკავშირებთან დიალოგი დაიწყოს.

საფრანგეთში ციხის ბადრაგის სამსახურის თანამშრომლები უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც გაფიცულები არიან. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას პარიზის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ ციხეში სამ თანამშრომელს პატიმრები დაესხნენ თავს. კიდევ ორი თანამშრომელი დაშავდა კვირას საპორტო ქალაქ კალეს ციხეში მომხდარი თავდასხმის დროს.

ფრანს პრესის ცნობით, ამჟამად ბადრაგის სამსახურში 28 ათასი ადამიანია დასაქმებული. ისინი 188 დაწესებულებაში არიან განაწილებულნი, რომელშიც სასჯელს 78 ათასზე მეტ პატიმარი იხდის.