საფრანგეთში არეულობის მოწყობის გამო, აქციის 11 მონაწილე დააკავეს
საფრანგეთში არეულობის მოწყობის გამო, აქციის 11 მონაწილე  დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მეორე დღეა არეულობა არ წყდება. დაკავებულია 11 ადამიანი. ქალაქში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა ნანტში მცხოვრები 22 წლის მამაკაცი მოკლეს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, დაპატიმრებულებს შორის არის სულ მცირე ოთხი არასრულწლოვანი.

დაკავებულების უმეტესობა ბრეილის რაიონში ცხოვრობს, სადაც პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, პატიმრობაში მყოფ პირებს სამართალდამცავებისთვის სხვადასხვა საგნების სროლაში და არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი.

ნანტში არეულობა გუშინ გვიან ღამით განახლდა. დამწვარია ავტომობილები, დაზიანებული შენობები ფასადები და მაღაზიების ვიტრინები.

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ჟერარ კოლონის თქმით, მან პოლიციელებს ნანტის ქუჩებში წესრიგის დამყარება დაავალა. ქალაქში შექმნილი სიტუაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმაც განიხილა.

შეგახსენებთ, შეტაკებები ნანტში 3 ივლისს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. პოლიცია ამტკიცებს, რომ  22 წლის ახალგაზრდა გააჩერეს და საბუთები მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა და სამართალდამცველებისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. პოლიციამ ცეცხლი გახსნა და მამაკაცი მოკლა.