საფრანგეთში 57 წლის ექსტრემალი აღჭურვილობის გარეშე 152 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა
საფრანგეთში 57 წლის ექსტრემალი აღჭურვილობის გარეშე 152 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა

საფრანგეთში 57 წლის ექსტრემალი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე 152 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე პარიზიენი“ ავრცელებს. ფრანგული გამოცემის ცნობით, ალპინისტი ალენ რობერი ცათამბჯენ „არიანეს“ ბოლო სართულზე ავიდა და სახურავზე ასვლამდე მხოლოდ რამდენიმე მეტრი რჩებოდა, თუმცა მან სახურავზე ასვლა ვერ მოახერხა და ბოლო სართულზე ფანჯრიდან შევიდა.

„მე ცათამბჯენ „არიანეს“ მოპირდაპირე მხარეს ვმუშაობ. დილის 11 საათისთვის ჩვენ მამაკაცი შევნიშნეთ, რომელიც შენობაზე აღჭურვილობის გარეშე ადიოდა. შორიდან ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და ზევით სწრაფად მიიწევდა. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში ჩვენ უფრო დაძაბულები ვიყავით, ვიდრე ის“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა „პარიზიენთან“ ინტერვიუს დროს.

ცათამბჯენის დაპყრობის შემდეგ ქვევით ჩასულ ექსტრემალს ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

57 წლის ალენ რობერი საფრანგეთში და მის საზღვრებს გარეთ „ადამიანი ობობას“ სახელით არის ცნობილი. 1994 წლის შემდეგ მან საერთაშორისო მასშტაბით სპეციალური აღჭურვილობის გარეშე 130-მდე ცათამბჯენი დაიპყრო. მათ შორის არის დუბაის „ბურჯ ხალიფა“ და ლონდონის „სეილსფორს ტაუერი“.