საფრანგეთმა სირიაში 400 ათასი ევროს ღირებულების მედიკამენტები გაგზავნა
საფრანგეთმა სირიაში 400 ათასი ევროს ღირებულების მედიკამენტები გაგზავნა

საფრანგეთის მთავრობამ აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში სამედიცინო დახმარება რუსეთის ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაგზავნა.

რუსული თვითმფრინავი საფრანგეთის შატორუს აეროპორტში გუშინ დაეშვა, საიდანაც ერთდროულად ფრანგული და რუსული ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში უნდა გადაიტანოს.

საფრანგეთის მთავრობის მიერ სირიის მოქალაქეებისთვის გაგზავნილი მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ნივთების ღირებულება 400 მილიონი ევროა.

აღნიშნული ფაქტი სირიის ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როცა ევროპული ქვეყანა სირიაში სამედიცინო დახმარებას რუსეთთან ერთად გზავნის. მთელი ამ წლების განმავლობაში, დასავლური ქვეყნების ჰუმანიტარული დახმარება სირიაში რუსეთისგან დამოუკიდებლად იგზავნებოდა.

საფრანგეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის მიღწეულ შეთანხმებას სირიისთვის ერთობლივი დახმარების გაწევის შესახებ, დასავლურ მედიაში კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივი ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში გაერო-ს ეგიდით გაიგზავნა.

სირიის ჯარმა რუსეთის სამხედრო ავიაციის ხელშეწყობით, მემამბოხეების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას რეგიონის გათავისუფლების ოპერაცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო, რასაც 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აპრილში ამავე რეგიონში ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი – ქლორინის გაზი გამოიყენა. საპასუხოდ, აშშ-ის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი იერიში განახორციელეს.